X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ვის დაამტკიცებს პარლამენტი გენპროკურორის ვაკანტურ პოსტზე
  • ვის დაამტკიცებს პარლამენტი გენპროკურორის ვაკანტურ პოსტზე

    იქნება თუ არა, ირაკლი შოთაძე ის ერთადერთი კანდიდატურა, რომელიც პარლამენტმა გენერალურ პროკურორად უნდა დაამტკიცოს - რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

    საპროკურორო საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე, დასახელებული 4 კანდიდატიდან მხოლოდ ერთზე უნდა გააკეთონ არჩევანი. როდის გადაიგზავნება კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოში ამ ეტაპზე უცნობია.

    როგორც გენერალური პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, ირაკლი შოთაძე საბჭოს მხრიდან გარკვეული შეღავათებით სარგებლობს.


    "ვნახე, რომ ბატონ შოთაძეს მიეცა საშუალება თავისი გეგმა შეეტანა უკვე გამზადებული, წერილობითი ფორმით, მეც მქონდა ანალოგიურად ეს ფორმა გამზადებული, მაგრამ მისი წერილობით შეტანაზე უარი მითხრეს. სწორედ ამიტომ, ზეპირად ჩამოვაყალიბე ის, რაც მეწერა," - აღნიშნა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, დარიკო თორდიამ.

    ერთ-ერთი კანდიდატის სოფიო შენგელიას თქმით, ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საჭირო კრიტერიუმებს სრულიად აკმაყოფილებს.

    "ვაკმაყოფილებ იმ კრიტერიუმებს რისთვისაც შესაძლოა შესაბამის კანდიდატურაზე ამირჩიონ. საინტერესო იყო სოციალური გარანტიები, რომელიც მე წარვადგინე. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხი და ოჯახური ძალადობა. როგორც ჩანს შოთაძეს მეტი შანსი აქვს, რადგან მინიმუმ ის ყოფილი პროკურორია და შეიძლება ჩვენზე მეტი გამოცდილებას ჰქონდეს ამ მიმართულებით," - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, სოფიო შენგელიამ.

    ამასთან, პროკურორობის კანდიდატები, მათ მიერ წაყენებულ ძირითად და მათთვის მნიშვნელოვან ხედვებზე საუბრობენ.

    "არსებობს გარკვეული ხედვები, რაც ეხება უშუალოდ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას. ასევე, ვთვლი, რომ პროკურორებმა უფრო მეტად უნდა გაატარონ სოციალური დაცვის ღონისძიებები. ჩემი ერთ-ერთი ძირითადი ხაზი ოჯახური ძალადობა იყო. ამასთან ყურადსაღებია კიბერდანაშაულთან არსებული გამოწვევები, რომლის წინაშეც სახელმწიფო იმყოფება," - აღნიშნა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ვალერიან ვაჭარაძემ.

    აღსანიშნავია, რომ დანარჩენი სამი კანდიდატისგან განსხვავებით ირაკლი შოთაძემ "კურიერის" ზარებს არ უპასუხა.
    59 ნახვა
    7-02-2020, 00:17