X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
მეუფე პეტრე ცდილობს, პატრიარქი ლინჩის წესით გაასამართლოს
  • მეუფე პეტრე ცდილობს, პატრიარქი ლინჩის წესით გაასამართლოს

    ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, მეუფე პეტრე ცდილობს პატრიარქი პილატეს სასამართლოს მსგავსად გაასამართლოს და მსჯავრიც ასე გამოუტანოს.

    მიტროპოლიტის შეფასებით, ეს ლინჩის წესით გასამართლების ტოლფასია, რადგან მეუფე პეტრე მტკიცებულებების წარდგენას არა საერო და საეკლესიო სასამართლოში, არამედ საჯარო სივრცეში აპირებს და პატრიარქისთვის განაჩენსაც სწორედ საზოგადოების ნაწილისგან ელოდება. მეუფე ნიკოლოზმა ამ თემაზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

    "მეუფე პეტრემ თვითონ გაიხსენა პილატეს სასამართლო, რასაც ახლა მეუფე პეტრე ემუქრება ეკლესიას კი არა, საზოგადოებას და სახელმწიფოს, რომ ის წარადგენს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებას. მტკიცებულება უნდა წარადგინოს სად? სინოდის წინაშე ის მტკიცებულებას ვერ წარადგენს იმიტომ, რომ ამის უფლება მას არა აქვს, რაც შეეხება საერო სასამართლოს, არც ამის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ პატრიარქზე იმუნიტეტი მოქმედებს, პარლამენტმა უნდა განიხილოს. მეუფე პეტრე სავარაუდოდ, აპირებს საჯარო სივრცეში ამ მტკიცებულებების წარდგენას, ეს მტკიცებულებები დაახლოებით ასე ჟღერს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ, ოღონდ სახელებს და გვარებს არ ვიტყვით, ეს მტკიცებულებები ისეთნაირად იქნება წარმოდგენილი, რომ თვით მტკიცებულებაში იქნება გამოტანილი მსჯავრი. რა ჰქვია ასეთ მოქმედებას? , ასეთ მოქმედებას ჰქვია ლინჩის წესით გასამართლება. მეუფე პეტრე აპირებს ყოველგვარი სასამართლო პროცედურების გარეშე პატრიარქი გაასამართლოს, ხალხს მოუწოდოს, რომ გაასამართლონ პატრიარქი ლინჩის წესით. აი ესაა პილატეს სასამართლო, ასე გაასამართლეს იესო ქრისტე. პილატეს სასამართლო სიმბოლურად ნიშნავს, რომ ვითომ იყო სასამართლო და არანაირი სასამართლო არ ყოფილა,"- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა და მსგავსი გასამართლების მაგალითად მოიყვანა ილია ჭავჭავაძეც, რომელიც მისი თქმით, გარკვეულმა ძალებმა შეაძულეს საზოგადოების ნაწილს და საბოლოოდ მოკლეს კიდეც.
    106 ნახვა
    6-11-2019, 08:40