X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
მონათესავე სული და ცხოვრების თანამგზავრი
  • მონათესავე სული და ცხოვრების თანამგზავრი

    არსებობს ურთიერთობები, რომელთაც სახელი არ აქვთ, არა იმიტომ, რომ სახელის მოფიქრება შეუძლებელია, უბრალოდ, რა მოცემულობასაც გვთავაზობს ცხოვრება, საზოგადოება, საზოგადოებრივი წესრიგი თუ ადამიანთა ურთიერთობების არსებული პალიტრა, ვერ თავსდება ვერცერთ ფორმატში და ამიტომ, არასდროს ხდება სახელდებული.

    საგნებზე სახელდება ყოველთვის იწვევს მათ განსაზღვრულობას, განსაზღვრულობა რამდენადაც ჩარჩშოში მოქცევაა, იმდენად შეუძლებელი ხდება ამ საზღვრებიდან გააღწიო და სამყაროს თუ ადამიანთა შორის კავშირების უსასრულო სილამაზე განიცადო.

    არიან ადამიანები ჩვენს ცხროვებაში (და ეს არ ხდება ხშირად) რომლებთან შეხვედრაც მთელი ცხოვრება გახსოვს და თითქოს დროის და სივრცის მეორე მხარეს უსასრულო მარადიულობაში გადიხარ. მარადიულობა სხვა არაფერია ,თუ არა დროის ძალაუფლების მიღმა გასვლა. ასეთ ადამიანებს ხშირად მონათესავე სულებს ეძახიან,

    ეს სახელი შეიძლება ბევრს ვუწოდოთ, მაგრამ ყველასთან რეალურად არ გვაქვს ეს კავშირი. არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების თანამგზავრები ხდებიან, ჩვენი ყოველდღიურობის, ჩვენი ემოციების, ჩვენი გაჭირვებისა და ლხინის თანაზიარები, უბრალოდ, ჩვენი ცხოვრების თანამგზავრები, მეუღლეები თუ როგორც მოგწონთ ისე უწოდეთ. ცხოვრების თანამგზავრებთან კავშირიც ისეთივე მჭიდროა, მაგრამ მონათესავე სულებთან შეხვედრა განსაკუთრებულ ანაბეჭედს ტოვებს ადამიანში და მთელი ცხოვრება მიყვება როგორც აუხსნელი მოვლენა, რომელიც ვერაფერში მოათავსა.

    მონათესავე სულთან ერთად ცხოვრება აუცილებლობას არ წარმოადგენს, შეიძლება ეს შეხვედრა მყისიერი იყოს, შეიძლება ხანგრძლივი, მაგრამ მკვეთრად განსხვავდება იმ ურთიერთობებისგან, რომელიც ცხოვრების თანამგზავრებთან გვაქვს.

    1. მონათესავე სულთან ურთიერთობის დროს “განსხვავებული” ემოცია გაქვს – მათ ყოველთვის რაღაც ახალი შემოაქვთ ცხოვრებაში, ეს არის ახალი შეგრძნება, ახალი ემოცია, რომელიც აქამდე ნაკლებად განგიცდია, ან სულაც შეიძლება სხვა სახით დაინახო საგნები და მოვლენები, რომელიც შენს გარშემოა. მასთან შეხვედრისას ან გადაკვეთისას ყოველთვის გრძნობ აუხსნელ მიზიდულობასა და “განსხვავებულ” ემოციას.

    ცხოვრების თანამგზავრები კი არ ჩნდებიან ახალი გაკვეთილების ან განსხვავებული ხედვების მოსატანად. ისინი ცხოვრებისეული პარტნიორები, დასაყრდენი და მხარდამჭერები არიან, რომლებსაც სიყვარული მოაქვთ, მაგრამ არა ის მაღალი ძაბვის ელვისებური ნათება , რაც მონათესავე სულს.

    მონათესავე სულთან შეხვედრას თითქოს საკუთარი კანიდან გამოყავხარ და თავიდან გიწევს საკუთარი თავის აღმოჩენა. ეს არის გაკვეთილი, რომელსაც სხვაგან ვერსად გაივლი. ეს არის საკუთარი თავის სიღმისეულად შესწავლის უდიდესი გამოცდილება..ის სულს აფორიაქებს

    2.მონათესავე სული რეალურად უფრო კარგად გიცნობთ ემოციონალურ დონეზე, თუმცა, ერთი შეხედვით, ცხოვრების თანამგზავრთან ურთიერთობა გაცილებით მჭიდრო ჩანს. სულიერი ნათესავი ყოველთვის გრძნობს რა ხდება თქვენს თავს და როგორ ხართ, რისი ახსნაც შეიძლება პარტნიორთან/მეუღლესთან გიწევდეთ, ვინაიდან ის ,,შიგნიდან,, ვერ გხედავთ ისე, როგორც მონათესავე სული.

    3. მონათესავე სულთან ვულკანისებური შეხვედრა არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ცხოვრებისეულ, მატერიალურ სიკეთეებს ან ბედნიერება/უბედურებას მოგიტანთ. შეიძლება მასთან დაშორება დრამატული, ცხარე ცრემლების მიზეზიც კი აღმოჩნდეს, შესაძლოა პირიქითაც, შეხვედრა ძალიან სასიკეთო იყოს. ეს ინდივიდებზეა დამოკიდებული, შეიძლება სულაც არ დაშორდეთ, არც ატკინოთ ერთმანეთს ისეთ დისტანციაზე იყოთ, ან უბრალოდ არასდროს შეიჭრათ ერთმანეთის საზღვრებში ზედმეტად და თქვენი კავშირით არავინ დააზიანოთ. ცხოვრების თანამგზავრთან კი გაცილებით მეტ სიმშვიდეს გრძნობთ, თუმცა ემოციური აღმაფრენები გაცილებით ნაკლებია ან საერთოდ არ არის, ეს მშვიდი და მყუდრო ურთიერთობაა.

    4.მონათესავე სულს მეტი ემოციური სტიმულაცია მოაქვს, ვიდრე ცხოვრების თანამგზავრს, რაც გამოიხატება ღრმა და ირაციონალურ მიზიდულობაში. ეს მიზიდულობა არ არის მხოლოდ ფიზიკური, ეს უფრო მეტია, ან სულაც არ იყოს ფიზიკური როგორც ასეთი, მაგრამ ამ ირაციონალურ მიზიდულობის გავლენის ქვეშ ექცევი. ის განგაცდევინებთ იმას, რაც მანამდე არ გამოგიცდიათ, ან შეიძლება მან სადღაც მეხსიერების ღრმა ფენებში შენახული შეგრძნებები გააღვიძოს და თქვენი შინაგანი ტრანსფორმაცია გამოიწვიოს.

    მონათესავე სულთან ემოცია ყოველთვის უფრო ძლიერია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაში აუცილებლად შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს ურთიერთობის დონეზე, თუმცა კავშირი არასდროს წყდება. ცხოვრების თანამგზავრს კი სწორედაც რომ ცხოვრებისეული სიმშვიდე, სიმყუდროვე, სტაბილურობა მოაქვს.

    მონათესავე სული თქვენს ცხოვრებას თავდაყირა აყენებს და საკუთარ თავს ამობრუნებული დოქივით ხედავთ, რომელიც თითქოს შეუძლებელი ჩანდა და საკუთარ სულის გამოუკვლეველ გამოქვაბულებს ეცნობით.

    ქეთი ვაწაძე
    62 ნახვა
    10-11-2019, 00:30